დამარქვი სახელი
(მოთხრობა)
ეს არის გული.
ფერადი, როგორც ზღვის სიღრმე და ის ზედაპირი, საიდანაც ჩანს ფსკერი.
ძლიერი, როგორც დედამიწიდან ამოწვერილი ფესვების ენერგია.
რიტმული, როგორც ხელებიდან დანახული სამყარო და ისეთი მომღერალი, როგორც წყარო, რომელსაც ადამიანის ხელი არ შეხებია. მაგრამ ესმის, გრძნობს და უღიმის.
დედის მუცელშია და უკვე სამყაროს იტევს.
იმიტომ, რომ გულია.
როგორც იქნა მოიცალა რეზიმ და ლილე შაბა-კვირას დედასთან, სოფელში აიყვანა, დასასვენებლად.
„ნუ ეწევი!“ – ოდნავ ნაწყენი ტონით უბრძანა ლილემ.
„ხო კარგი რა, არ მიდის მაქამდე“
„მიდის. გული უცემს უკვე. იცის“
„ჯერ მაგან რა იცის, გოგო?“ – გამხიარულება არ გამოუვიდა, პასუხი დაეწია
„აი, დაიბადება და ნახავ შენ“
„ხო კარგი, წავედით“
მე დედა ვარ, ფიქრობს ლილე. აბა მე ვინ ვარ? მე გული ვარ და ვიცი, რომ ვარ. ესეც კარგია, რომ ვარ გულში, ან გული.
„ჩემი გული ხარ“
„რა თქვი, ლილე?“
„არაფერი, ისე, ჩემთვის, ველაპარაკები“
„ვის? მაგას ჯერ ყურები არ აქვს“
„გული აქვს და ესმის“
„ხო კარგი, მესმის“
„აი, მამიკოს უყვარხარ“ – ლილე ხელებით მუცელს ეთამაშება.
ეს არის ხელები.
მოძრავი და შრიალა, როგორც ქარის მერე ახმაურებული ხის ტოტები.
თბილი, როგორც შორიდან მოსული მზის სხივები და ცისგან გამოგზავნილი წვიმის წვეთები, დედამიწასთან კონტაქტს და მის გამოღვიძებას რომ ცდილობენ. მთავარია, რომ ეხებიან დედამიწას და ფესვებისკენ მიდიან. დედამიწას გულში რომ ჩაიხუტებს ისეთი ხელები ჰქონია – დედასაც.
„დე, გაინძრა, ისევ დამარტყა“
„გენაცვალეთ. რა კარგია, რომ აქ ხარ ლილე, ბევრ კარგ რამეზე იფიქრე და ნახე რა ბაცაცუნა გამოვა. გენაცვალეთ“ – ეს ბოლო სიტყვა ისე თქვა ლილეს დედამ, თითქოს სიტყვა მატარებელში ჩასვა და მოგონებებში გააქანა, ამიტომ ბოლომდე არც გაისმა ოთახში რას ამბობდა.
ლილემ აიხედა ცაში და დაინახა ნაწვიმარი ღრუბლიდან მზის შუქი სვეტებად როგორ დაეყრდნო დედამიწას.
„აი, კიდევ“ – გაიღიმა ლილემ და მუცელს იმდენ ხანს უყურა, თითქოს სურდა დაენახა ის, რასაც გრძნობდა.
ეს არის ფეხები.
ისეთი ძლიერი, ყველაზე დიდი გმირობისთვის, სიცოცხლისთვის რომ იბრძოლებენ და სიცოცხლეს რომ ასწავლიან საკუთარ სხეულს. „სიცოცხლე მინდა“, „სიცოცხლე მინდა“. ჯერ არ იცის რა ელის, მაგრამ ბრძოლობს.
სასწაულის გულით სჯერა, აი ახლა დაინახა. ნეტა, ნეტა არ დაავიწყდეს, როგორი სასწაულია.
„მადლობა“ – გულში თქვა ლილემ და პატარა არსების თვალების გახელას დააკვირდა:
მე მზის შუქი გავიცანი. ნელ-ნელა, მაგრამ მაინც სინათლე დაიბადა ჩემთან ერთად. შენი ენერგია. სამყაროს ენერგია და ჩემი ენერგია ერთად – დაიბადა. მეც გულით მიყვარხარ.
სიცოცხლე ჩემია. გავიმარჯვე.
ეს ხარ შენ. ეს ვარ მე. გამარჯობა. სამყარო კი იღიმის.
მარიკა, 3 სექტემბერი, 2016, თბილისი.