ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? პასუხზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ის, თუ როგორი იქნება საქართველოს საგარეო იმიჯი და საშინაო გამომეტყველება უახლოესი წლების განმავლობაში.
ამ დროისთვის (18.03.2013) შეგვიძლია რამდენიმე ეპიზოდი გავიხსენოთ:
- 2012 წლის 8 ოქტომბერს, ბიძინა ივანიშვილმა მისთვის სასურველ საპრეზიდენტო კანდიდატად პარლამენტის წევრი, ვახტანგ ხმალაძე დაასახელა.
- თავდაცვის მინისტრი ალასანია ვიცე-პრემიერობიდან 23 იანვარს მოხსნეს. ამავე დღეს, დავოსიდან ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან საკუთარ პარტიასთან ”ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები” საპრეზიდენტო არჩევნებზე და შესაძლო კანდიდატებზე კონსულტაციები, მასთან შეუთანხმებლად დაიწყო.
- 2013 წლის 18 მარტს, ინტერნეტში გამოქვეყნდა ლევან ვასაძესთან ინტერვიუს (გაზეთი ”კვირის პალიტრა”) ვრცელი ამონარიდი, სადაც ბიზნესმენი ვასაძე საკუთარ პოლიტიკურ შეხედულებებს გვაცნობს. სოციალურ ქსელებში გაკეთდა შეფასებები, რომ ეს ინტერვიუ განაცხადია, რომელიც მომავალ პოლიტიკურ და საპრეზიდენტო ამბიციებს უკავშირდება.
ამ ეტაპზე:
1) ხმალაძე იმ შემთხვევაში გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ ამას კოალიცია/ბიძინა ივანიშვილი მოისურვებს.
2) ალასანია იმ შემთხვევაში გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ ამას კოალიცია/ბიძინა ივანიშვილი მოისურვებს ან თუ ალასანია მოინდომებს კოალიციის დატოვებას.
3) ვასაძე იმ შემთხვევაში გახდება პრეზიდენტობის კანდიდატი, თუ ის რამდენიმე თვით ადრე დაწყებულ წინასაარჩევნო კამპანიას არ ჩააფლავებს.
წინ 6 თვეა და უკანთვლა დაწყებულია.