ჰუმანური ერი…

ჰუმანური ერი: ეს ჩვენ ვართ, ქართველები!

ეს საუკკუნოვანი ისტორიაა თავისი ბექგრაუნდით: რუსეთს სურს მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ქართველები მკვლელები არიან, აწამებენ უდანაშაულო მოქალაქეებს, ახორციელებენ ეთნიკურ წმენდებს საკუთარ ტერიტორიაზე … ამის შესახებ კრემლი იგონებს და აქვეყნებს მონოგრაფიებს, წიგნებს, ისტორიებს. ცდილობს მაქსიმალურად დამაჯერებელი იყოს. 2008 წლის მერე, იმდენად “დამაჯერებელიც” კი იყო, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვებში რუსეთის მოსახლეობა თავის ნომერ პირველ მტრად საქართველოს ასახელებდა.

საქართველოს მთავრობას (2013) სურს, მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოში სადიზმი სულაც არაა ცალკეული შემთხვევები, არამედ არაადამიანურ წამებას საქართველოში სისტემური ხასიათი აქვს.

ვინ ეტყვის მსოფლიოს, რომ ჰუმანური და ტოლერანტობით აღვსილი ერი ვართ? მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობა, მაგალითად, ასე არ საუბრობს, და პირიქით, სისტემურ (!) ენითაღუწერელ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს. საუბრობს ისეთ ქვეყანაზე, სადაც ლამის ყოველი მეორე მოქალაქე დაკავებულია სხვათა წამებით. ცდილობს დამაჯერებელი იყოს.

ასეთ შემთხვევაში, კრემლი აღარ საუბრობს. მისი გეგმები ისედაც წარმატებით ხორციელდება: საქართველო და ქართველი ერი მსოფლიო რუკიდან ნელ–ნელა იშლება. რა უნდა კრემლს? აი, ჩვენი რომელიმე მთავრობა რომ იტყვის: „იცით, ჩვენ ოსი და აფხაზი ხალხი ძალიან გვიყვარს… და ამასთან, ქართველებს ვაწამებით–ხოლმე სისტემურადო“ – მსოფლიო დადუმდეს. მოკლედ, „абманули всех” – ეტყვის პუტინი დაბრძენებულ ევროპას საქართველოსკენ ხელის გაშვერით. „абманули всех” – ჩაიხითხითებს თავისთვის, ნიშნის მოგებით და ხელების გასავსავებით. ისე არ მოხდეს, მოტყუებული მხოლოდ ჩვენ დავრჩეთ. ნეტა ისე მოხდეს, პირშიჩალაამოვლებული მხოლოდ პუტინი დარჩეს!

ქართული სახელმწიფო გადარჩება, არა იმიტომ, რომ რამდენიმე მილიონიან ერს, ღრმად გულში ასე უნდა. გადარჩება იმიტომ, რომ რამდენიმე მილიონიან ერს – მოღალატეები არ უყვარს, თუმცა მათ მიმართაც, ყოველთვის, რატომღაც ძალიან ჰუმანური და ტოლერანტულია.

თავსატეხი ქართველებისთვის: პოლიტიკური კუბიკ-რუბიკით

გახსოვთ კუბიკ-რუბიკი? მთავარია დაალააგოთ ფერების მიხედვით. მოდით, ვცადოთ.

გადავატრიალეთ. პირველი სვლა გამართლებაზეა: საბჭოთა კავშირი დაინგრა. საქართველო დამოუკიდებელია. მას პირველი არჩეული პრეზიდენტი ჰყავს (გამსახურდია, 1991).

მოძრაობა ცენტრიდან მარცხნივ: სახელოვანი ”ელიტა” გვარწმუნებს, რომ არჩეული პრეზიდენტი (გამსახურდია, 1991) ”დიქტატორია”, სახელმწიფო გადატრიალებით, პრეზიდენტი აღარ გვყავს!

გადავატრიალეთ (კუბიკ-რუბიკი!). მოძრაობა გაურკვეველი მიმართულებით: კანონიერი ქურდს და სახელოვან ”ელიტას” მოსკოვიდან ჩამოჰყავს ”მხსნელი-დემოკრატი” და ირჩევს მას მეორე პრეზიდენტად (შევარდნაძე, 1995-2003). აბა, კიდევ სცადეთ.

გადავატრიალეთ (კუბიკ-რუბიკი!). მოძრაობა მარჯვნივ: ახალგაზრდა პოლიტიკოსები (2003), ხავერდოვანი რევოლუციით აცილებენ ჩახავსებულ ”დემოკარტს”, რომელიც ხალხს სიბნელეში აცხოვრებდა (პირდაპირი მნიშვნელობით) და გვარწმუნებენ, რომ უკან (1990-იანებში) აღარ დაბრუნდებით.

გადავატრიალეთ (ისევ კუბიკი!). მოძრაობა მარჯვნიდან მარცხნივ: არჩევნების გზით მოსული მთავრობა (2013) ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ წინა მთავრობა (2003-2012) ყველაფერს გვატყუებდა (არც მეტი არც ნაკლები სრული 9 წელი!). დემოკრატიის ტესტებს, სულ უფრო წარმატებულად, თუმცა სულ უფრო ძნელად ვაბარებთ.

კიდევ უნდა გადავატრიალოთ (კუბიკი!). მოთამაშე-ქართველი არ ჩქარობს. უყურებს კუბიკ-რუბიკს, რომელზეც ფერები არეული და ცოტა დაულაგებელია. სადღაც, არასწორი სვლა გავაკეთეთ! შემდეგი სვლაა მოსაფიქრებელი. ფიქრის დროც ეწურება: რა გამოდის, თუ სრული 9 წელი შესაძლებელი იყო მისი მოტყუება, იქნებ, ახლადარჩეული მთავრობაც (2013) იტყუება?

მოდი, ნერვიულად ავურ-დავურიოთ ეს კუბიკ-რუბიკი (ამ არევაშიც შეიძლება გამოჩნდეს სწორი სვლა, ან შემთხვევით, შეიძლება სწორ გადატრიალებას ”გავარტყათ”). კუბიკ-რუბიკი დროებით, სადღაც, ”კოჰაბიტაციაში” იჭედება. ძალის დატანებით, მაგრამ მაინც გადავატრიალეთ! კინაღამ გატყდა! მოთამაშემ კი სავარაუდო ფერთა განლაგება დალანდა: შემდეგი მთავრობა (20??) მას ”დაარწმუნებს” რომ არჩევნების გზით მოსული წინა მთავრობაც (2013) სულ სიცრუეში გვაცხოვრებდა.

მოაზროვნე ქართველი ჩაფიქრებული დასცქერის თავის ერთადერთ გასართობს, კუბიკ-რუბიკს, რომელისც მის დროს ჰკლავს, არადა, სინამდვილეში – ნერვებს უშლის. ამ სათამაშოს, უსაქმურობის ჟამს შეეკედლა (1970-იანებში), და ახლა, ვეღარ ელევა. შეჩვევამ იცის. ნეტა ვინ და როდის შემოგვაჩეჩა?

ჯადოსნური კუბიკი 1974 წელს უნგრელმა არქიტექტორმა ერნო რუბიკმა გამოიგონა. ქართული კუბიკი რუსეთში დამზადებული აღმოჩნდა. არანაირი ”კარწინკა” აღარ აეწყობა და მუდამ ნერვებს აგვიშლის. ეს კუბიკ-რუბიკი თაროზე შემოსადებ/გადასაგდებია. სულერთია, ჩვენი შვილები ამ გაფუჭებულ სათამაშოს მაინც აღარ გაეკარებიან.