სიურეალისტური Georgia

აჩუქეთ ჩემს საქართველოს ერთი თანამედროვე მაღვიძარა, ყოველდღე რომ გამოაფხიზლოს…

„სადღაც მაგიდაზე ვამპირის სახე იდო და ლაპარაკობდა, წინასწარმეტყველებდა მომავალზე, ოღონდ ფულს იღებდა ამაში. ადამიანის სხეულებზე კი ღვთიური ნიშნების ძიების პროცესში, შეწუხებული და დაღლილი ვამპირის მნახველები შიშითა და კრძალვით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სისხლს არ სვამდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სისხლისმსმელი იყო და მსხვერპლის როლში ბოლომდე იყვნენ შეჭრილები“ – ეს რომ დამესიზმრა, რა თქმა უნდა, ვიფიქრე „ესსს“ რამ დამასიზმრა-თქო და ბოლოს მივხვდი კიდეც: ჩემი ქვეცნობიერი ალბათ, სიურეალისტურ სამშობლოზე ფიქრით ირჯებოდა.

სისხლისმსმელი ვამპირი მართლაც ჰყავს ჩემს მრავაჯერ ბედკრულად წოდებულ სამშობლოს. უცნაურია, მაგრამ ეს ვამპირი არც ისე საშიშად გამოიყურება და თან, არც ისეთი სიმპათიურია, როგორიც კინოებშია-ხოლმე. კბილები საერთოდ არ აქვს. ის კი არადა, ზოგს უყვარს კიდეც. ოღონდ მისი ეშინიათ. ყველამ იცის, რომ თუ მისი მსხვერპლი გახდება, თავადაც იძულების წესით, ადამიანის სისხლი მოსწყურდება. ფულს იმიტომ უხდიან, რომ ჰგონიათ მომავალი მასზეა დამოკიდედბული, არადა, ვამპირი უკვე დაღლილი და გამოფიტულია.

სიურეალისტურად: არა მაღვიძარას ხმაზე, არამედ სიცილ-კისკისის ხმაურით დავტოვე სიზმარი/კოშმარი და საქართველოში გაღვიძებულმა, ის ადამიანები წარმოვიდგინე ტელეეკრანებზე, რომლებსაც სწყურიათ სისხლი, მკითხაობენ, ვამპირთან ინტერვიუებზე დადიან და მთავარ წურბელას ვერ ხედავენ – საუკუნეები ჩვენს სისხლს რომ სვამს (უკვე დაღლილი და გამოფიტული). მეშვიდეჯერ დავწერე „სისხლი“ და საკმარისია.

აქ სხვაგვარად მოხდება: სიურეალისტურ სამშობლოს მაღვიძარა გააღვიძებს, მაგიდაზე მიწებებული მაღვიძარა, რომელიც გაფუჭებულია, მაგრამ როგორც ყველა გაფუჭებული საათი, დღეში ორჯერ, ეს მაღვიძარაც, საუკუნეში ორჯერ მაინც – სწორ დროს აჩვენებს.

მაღვიძარა აქ არავის უყვარს. ამიტომ, არც გვაქვს ეს თანამედროვე „მაღვიძარა“, მრავალწლიანი გარანტიით, ყოველდღე რომ დარეკავს და გამოგვაფხიზლებს. სხვა რა გზაა, ამ აუცილებელი რეკვიზიტის მოძიებამდე, შევეცდებით თვალები ჩვენივე ძალისხმევით, ფართოდ გავახილოთ. საშიში არაფერია. სხვა საქართველოც აქ არის – ისეთი, როგორიც არის, თუნდაც სიურეალისტური.