”კაცობრიობას დღიდან გაჩენის ამოძრავებს სურვილი – იყოს ინფორმირებული. მას, ვინც ბევრი ინფორმაციის მოპოვებას ცდილობს – ცნობისმოყვარეს უწოდებენ. ვინც ძალიან ბევრ ინფორმაციას ერკინება – ჟურნალისტს” (ჩემი მონოგრაფიიდან, 2004)
პოლიტიკის მიკიბულ-მოკიბულ გზებზე, სოციალურ თუ მედიის ქსელში, საზოგადოება, ბევრს ვერაფერს არკვევს. ასე ხდება, როცა საზოგადოება არ იცნობს თავისივე არჩეულ პოლიტიკოსებს, მათ დამოკიდებულებებს, ღირებულებებს, შეთანხმება/გარიგებებს და სხვ. შედეგად, ტყუილსა და მართალში ”დაბოდიალობს”.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკოსები ჩვენზე მეტად არიან ინფორმირებულები, ეს მათ უპირატესობას არ ანიჭებს, რადგან არჩევანს სწორედ საზოგადოება აკეთებს.
ქართული მედიის სოციალულ პასუხისმგებლობაზე და როლზე, მის სანდოობაზე და ღირებულებით კომპეტენციებზე ჯერ არ შევჩერდები. ეს კავშირშია სათქმელთან, მაგრამ პატარა ბლოგში სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს- მთავარზე გადავალ: არჩევანის თავისუფლებაზე!
რაზე დაყრდნობით აკეთებს საზოგადოება თავის არჩევანს? ეს არჩევანი ეფუძნება მის ხელთ არსებულ ინფორმაციას და მორალურ პასუხისმგებლობას. სამი კითხვა მაქვს:
• პირველი: რა პასუხისმგებლობას კისრულობთ?
• მეორე: თავად რამდენად სანდო ინფორმაციას ფლობთ?
• მესამე: თქვენი მორალური სახე (ეს ის სახე არაა ”სარკეში” რომ სჩანს!) მოგწონთ?
მაქვს ჰიპოთეზა: შეიძლება არაინფორმირებულმა საზოგადოებამ მორალურად სწორი არჩევანი გააკეთოს მაშინ, როცა პოლიტიკოსები ბევრს იტყუებიან. მედიაზე ისევ აღარაფერს ვამბობ. ჩემთვის ეს ნულოვანი ჰიპოთეზაა!
ყველაფერთან კავშირში – მედიის პასუხისმგებლობა და მორალური სახეა. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი, დღევანდელი, ხვალინდელი ახალი ამბები ამ ბლოგთან არაფერ კავშირშია, მე, ყოველთვის ვიმსახურებ ვიყო კეთილსინდისიერად ინფორმირებული თქვენგან – მედიის წარმომადგენლებისგან!
სამი კითხვაც მას-მედიას ეკუთვნის.
და ბოლოს, პროფესორის მხრიდან ერთ უწყინარ კითხვას და კიდევ ერთ სავარჯიშოსაც დავამატებ:
ღირებულებითი კომპეტენციები თუ გაქვთ?
ჩამოთვალეთ!