24 საათის ჰარმონია ჩვენზე

(მოთხრობა)

ვეძებ ჰარმონიას. ვეძებ დღე და ვეძებ ღამე. დღე და ღამე ამ დღეში ვარ. ღამე ვიმოგზაურე. ხოდა არც მეტი არც ნაკლები, დედამიწის და მთვარის ტრაბახს და თან, ერთმანეთის ქებას შევესწარი.

ჯერ დედამიწამ გაიწვდინა ხელები და დაიწყო: არავინ იცის რა და როგორ იყო, მაგრამ ამბობენ, რომ მე და მთვარე  ერთი პლანეტა ვიყავით. მას მერე ჩემთანაა და იცის, რომ ძალიან შორს თუ წავა – ვერ იარსებებს. თუ ძალიან ახლოს მოვა – მთლად დამღუპავს. სხვათა შორის, მე  მზის გარშემო ვბრუნავ და ჩემი შვილობილიც მე მბაძავს.

ჯერ კიდევ ღამე იყო, მთვარეს დედამიწამ მოვალეობებიც რომ შეახსენა:

ყველაზე ბევრი წყალი მაქვს და ზღვებს, ოკეანეებს, ტალღებს ჩემი მთვარე მართავს. ზღვის მოძრაობას აკონტროლებს და რიტმს აძლევს მის სუნთქვას. ისე მე ხელს ვერ ვაწვდენ მას და ადამიანმა ჯერ თვალი დაადგა და მერე ფეხი.

სანამ მზე გამოფხიზლდებოდა, დედამიწა ქებაზე გადავიდა, გვერდზე გადაიხარა და მთვარეს უძილო ღამეები დაუფასა.

ადამიანებს მეც ხომ კარგად ვიცნობ, მაგრამ მთვარე ექსპერტია ამ საქმეში. რა გასაკვირია. ადამიანები, მთვარეს რომ შეხედავენ (შეხედავენ რა, მიაშტერდებიან)  – უნებლიედ გაანდობენ-ხოლმე სანუკვარ საიდუმლოს. მთვარე კი საუკუნეებია ინახავს მათ ფიქრებს, აგროვებს გენეტიკურ მეხსიერებაში. თქვენი, ადამიანების შთაგონების გამკვირვებია: თუ შეხედავთ მთვარეს, უცბად მოგივათ ის აზრი, რომელიც სიტყვების მაგივრად, შეგრძნებებით მოდის. გაიგონებთ მუსიკას, რომელიც ნოტებში არ გარდაისახება. დაინახავთ იმას, რაც არ ჩანს, მაგრამ არსებობს. ესაა საუკუნეების მეხსიერება, რომელიც კვებავს ჩვენს თვალებს და გვაძლევს შთაგონებას. მთვარე ალაგებს, ასაწყობებს, შლის  ფიქრებს. და ამ შრომაში ხან ივსება და ხანაც იცლება ფიქრებისგან. არადა, არ დაიღალა ამდენი საუკუნეა. არც მთვარე და არც ადამიანი. შეხედავ და, შეიძლება სულაც შენი ბებიის-ბაბუის-ბებიის ნაფიქრალი გაგანდოს. გენიოსია რა! ადამიანს კი, საკუთარი ფიქრებით გადაღლილს ეჩვენება, რომ მთვარის ყურებამ დაქანცა. ასეა, ადამიანს  და მთვარეს მაინც ვერაფერს გამოაპარებ! სადღაც ყველაფერს იმახსოვრებენ. საბოლოოდ ხომ ყველაფრის მართვაში ერევიან.  ჩემი მთვარიკო, ჩემი არქივარიუსი და  მესაიდუმლე, მოწესრიგებული და ერთგული თანამგზავრი. ყველას სჭირდება თავისი თანამგზავრი და მესაიდუმლე. დედამიწასაც. 

შეხედეთ, შეხედეთ, რა ლამაზია დედამიწიდან დანახული პატარა მთვარე.

უსმინა მთვარემ, თავისი სტატიკური გამოხედვით ყველაფერში დაეთანხმა დედა-დედამიწას. დაალაგა ფიქრები, აზრები და თავმდაბალი გამოხედვით, დინჯად მიუგო:

გეთანხმები, თქვენი მთვარე ვარ. დედამიწის ნაწილიაო, ჩემზე ამბობენ. ასეთი ვარ: თვეში ოთხჯერ ვიცვლები და არ ვაბეზრებ თავს ადამიანებს. მე ყველა გამოხედვას ვიმახსოვრებ დედამიწიდან. ხოდა, მიყვარს მე ადამიანი თავისი მოგონებებით და ფიქრებით. თავად კი, რა გულმავიწყები არიან. არადა, რომ მომაშტერდებიან და მე კი, საუკუნის წინანდელ ფიქრებს უკან ვუგზავნი და წარსულის ფიქრებში ვამოგზაურებ უკვირთ და ამას –  ადამიანის ბუნების უცნაურობას მიაწერენ.  რა ვქნა, ასე ვერთობი. მე წარსული ვარ. გამოცდილი, დინჯი, დედამიწის წარსული.  ღამე ყოველთვის წარსულია. ახლა შუაღამეა და მზე უკვე მენატრება.

მე მხოლოდ მაშინ ვისვენებ, როცა მზე ამოდის. თქვენ რა იცით, რომ ყველაზე ლამაზი სწორედ მაშინ ვარ, როცა მზე აცხუნებს. ხანდახან ისე მენატრება მზე, რომ შუადღემდე ვეხვეწები, დღეც დამტოვოს. მზე კეთილია და თუ თვალი მომკრა, ყოველთვის ღიმილით მესალმება.  მე კი, ამასობაში ადამიანების თვალს ვემალები, არ მინდა ისინიც გადავღალო ლოდინით. ადამიანები ხომ ყოველი დღის ბოლოს რაღაცას ივიწყებენ. მეც მივიწყებენ. იციან, საჭირო ვარ მეც და მზეც. მე ფიქრების დასალაგებლად. მზე – ფიქრების შესაქმნელად.

იცით? იცით, რა ლამაზია დედამიწა მთვარიდან დანახული.

მზე დავინახე, რომელმაც ყველაფერი გადამავიწყდა, ისეთი მშვიდი ხმით დაიწყო ჩემი გამოთბობა:

მე ვარ მზე. უნიკალური ადამიანის დანახული უნიკალური მზე. არავის დაემონო. არ დაემონო წარსულს. მოგონებებს. შეხედე ცას. შეხედე რამდენი ვარსკვლავია შენს გარშემო. ყველა ვარსკვლავი ადამიანს ეკუთვნის. პატარა ადამიანს. მე გაჩუქე ყველაფერი, რასაც შენი ფიქრი და თვალი დაინახავს. აი, ახლაც, ყველაფერი შეგიძლია შეცვალო შენი ფიქრით, აირჩიო პლანეტა, ვარსკვლავი, რომელსაც გაანდობ საიდუმლოს და მიიღებ ახალ ენერგიას. რატომ აღარ უყურებ ცას? ვარსკვლავებს? ბოლოს როდის ნახე მზის ამოსვლა? დამიჯერე. 

ჰარმონიას ვეძებ-თქო, გულმა არ მოითმინა და უსიტყვოდ, დახუჭული თვალებით, გულში ვუპასუხე. ამის გაგონებაზე მისი სხივები  სწრაფად დაიძრნენ, ენერგიად გარდაიქმნენ და გული დროის გაუგებარი ინტერვალით გაათბეს. გამამხნევა:

შენი ჰარმონია იწყება ყოველი დღის გათენებისას. ჩემი ამოსვლისას, როცა ღამეს აცილებს მთვარე. შენ კი არავის ეკუთვნი და შენ არავინ გმართავს. სწორედ ეს მინდოდა გცოდნოდა. ნუ გგონია, რომ ის, ვინც ყველაზე ახლოსაა – შეუძლია შენი ცხოვრება და ფიქრები ცვალოს. ამის დასტური ვარ მე და არის ცა. ვარ ერთი. ხარ ერთი. ამიტომაც, გესმის ჩემი ხმა: შეხედე ცას და თავად აირჩიე შენი ბედის ვარსკვლავი – ერთი, შენი. ღამით და დღისით, სწორედ ეს ცისკრის „ვარსკვლავი-შორეული“ მიგიყვას სახლში. უნიკალურ სახლში. მერე კი, გახსოვდეს  მადლობა უთხრი მას, ვინც უსაზღვრო არჩევანიდან სწორედ ის ერთი ვარსკვლავი გაჩუქა. შეხედე ცას წამიერად და გულში, მომიგონე.

ბედნიერი დილა გაგითენდება.

 

პ.ს. „მე ვარ ახლად გამომწვარი დედამიწა და შენს ირგვლივ დღედაღამე ვბრუნავ“- მედეა კახიძის ლექსის ამ სიტყვებმა 19 წლის დედაჩემს (მაცაცო სებისკვერაძეს) თავისი პირველი მელოდიის შექმნის შთაგონება გაუჩინა. მადლობა.  

2015 წელი. ზაფხული.

 

Leave a comment