იმოძრავე

საათნახევარია ტელეფონის გარეშე ვარ… ზუსტად ამდენი დროა, რაც ის ხელოსანთან დავტოვე და ახლა ველოდები – ტელეფონს. უკვე სადგურის კაფეტერიაში წყალს მივირთმევ და აქვე, სახელდახელოდ ნაყიდ დღიურში,  საკუთარი ფიქრების ამოხსნით ვარ დაკავებული… ტექნოლოგიების გარეშე მოსაწყენი მეჩვენება ჩემი სხეული, რომელიც Facebook-ისა და შეტყობინებების გარეშე საკუთარ ენერგიასთან დარჩენილი – ადამიანი ხდება. წარსულში მოწყენილი, დღის და სიზმრის ფრაგმენტებით იმედგაცრუებული, მაგრამ უკვე დამშვიდებული ადამიანი ვარ, რომელიც წერს…

მახსოვს, დაღლილმა ვამჯობინე კიბეზევე შემესვენა… კიბეზე, საიდანაც ვუყურებდი ხედს, რომელიც  თავად ავირჩიე. გზააბნეულ მგზავრებს არ ველაპარაკებოდი და ჩემი ახალი გზის ასარჩევად ახალი ფარდის გაშლას ველოდებოდი. ვგრძნობდი, თითქოს, ზემოდან ვხედავდი იმას, რაც ცოტა ხნის წინ ჩემს ცხვირწინ იყო: წარსულის ფარდას. განა არ ვიცი. ჩემი ცხოვრებით, ფიქრებით და ნაბიჯებით აღმოვჩნდი იქ.

დაღლილობისგან თავის დასახსნელად, კაფეტერიაში, ახლა ცხვირწინ მიდევს წყალი და თვალწინ  მაქვს კიბე. ახლა შემიძლია ფართოდ გახელილი თვალებით, წარმოსახვაში, წამებში დავხატო ხედი, რომელსაც აღარ ფარავს ფარდა.  სწორედ აქ დავისვენებ, წარმოსახვაში, კიბეზე. აი, სხეულმაც იგრძნო, რომ კიბე მყარია …რომ ჩემი ნაგებია.

ეს კიბე იმ სამყაროს ნაწილია, რომელსაც დღე და ღამე ვათვალიერებ. ვმოძრაობ და ვხვდები, რომ ეს კიბე  ახალ და ნაცნობ სივრცეში მიკვალავს გზას. სულ ერთი წამი და… ეს კიბე ძალიან მშობლიური ხდება. თურმე, ჩემს ს ა ხ ლ შ ი ვარ, კიბეზე. მე მიკვირს და მიხარია, რომ ეს კიბე იმ სახლშია, რომელიც მიყვარს და რომელიც დაცულია. იმ სახლშია, რომლის ფანჯრებიდანაც ერთმანეთზე შეყვარებული და მოალერსე სხვადასხვა ხედი იშლება.

აქ ჩემთვის საჭირო ყველა შეტყობინება ფანჯრის რაფებზეა მოკალათებული და მე მელოდება. გასაღებიც მხოლოდ მე მაქვს. ცხადშიც და სიზმარშიც.

ამ სახლში არის წყალი, რომელიც მჭირდება. ადამიანები, რომლებსაც მანამდე ვგრძნობ, სანამ ჩემი ფიქრები ჩემივე ღიმილს დაეწევა.

კარი, საიდანაც ჩემი თვალის მზერა ხიდან ხეზე ხტუნაობით აღიქვამს და ხატავს მთებს, ხეებს, ცას და გზას. სახლის წინ კი ბზისფერი ფარდა ლივლივებს. ისიც მზერას და წარმოსახვას ემორჩილება და თანხმობის ნიშნად წამებში იხსნება. და ეს მომავალია.

და ჩემი ყოველი ახალი მოგზაურობა ამ სახლიდან იწყება.

Leave a comment