ამომრჩევლის საჩუქარი: ქართული დემოკრატიის პოლიტიკური ფაზლი

არჩევნების პირველი ტურის შემდეგ, ეიფორიის ფონზე, მეორე ტურის მოლოდინში სხვადასხვა მოსაზრებას ვკითხულობ და ვისმენ, მათ შორის კრიტიკულსაც და ეს კარგია.

ამ ფონზე, თითქოს შორიდან, მაგრამ მაინც ისმის მოსაზრება და კითხვა: ქართული დემოკრატიის განვითარების პროცესი ჰგავს იმ ფაზლს, რომლის აწყობისას, ერთსა და იმავე სურათს ვიღებთ. რატომ?

დავაკვირდეთ ახლოდან: ფაზლის ერთიან სურათს მოსახლეობა, ჩვენ ვაწყობთ, არჩევნებზე. ფაზლი შედგება ელემენტებისგან, ნაწილებისგან. ამ ნაწილებს პარტიები გამზადებული სახით გვთავაზობენ. თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ამომრჩეველი პოლიტიკოსების მიერ შემოთავაზებული ფაზლის ნაწილების შექმნაში თავად არ მონაწილეობს. ისმის კითხვა: ვინ და როგორ ირჩევს მათ არჩევნებამდე ჩვენთვის და ჩვენს მაგივრად?

პოლიტ-ტექნოლოგებმა იციან, რომ ჩვენი ტვინი მისთვის ნაცნობ პატერნს და მისაღებ სურათს ხედავს და ირჩევს. მოდით ამას პირობითად „შეთანხმებული სურათი“ ვუწოდოთ, რომელიც ამომრჩეველს ასე თუ ისე მოსწონს. იმისთვის, რომ მოსახლეობა ახალს ენდოს, მას ჯერ ღირებულებით დონეზე ნდობა უნდა გამოუხცადოს. იდიალური „სურათი“ განვითარებული დემოკრატიის ქვეყნებშიც კი არ იხატება, ოღონდ იქ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ხედავენ და ამაზე საჯაროდ საუბრობენ!უკლებლივ ყველა ოპოზიციურ პარტიასა და ყველა დროის მთავრობაში არიან პრინციპული, პატრიოტი და მეორეს მხრივ, ჩვენთვის მიუღებელი ადამიანები; ეს შემოთავაზებული ფაზლის მნიშვნელოვანი ჯგუფია. ამასთან, არჩევნებამდე, ხელისუფლებასა თუ ოპოზიციურ პარტიებში კეთდება სასარგებლო საქმეები და მეორეს მხრივ, არის შეცდომები! აქაც, მნიშვნელოვანია საჯარო დისკუსიით და ამომრჩევლის ჩართულობით კარგი/ცუდი ელემენტების იდენტიფიცირება და ცუდის შეცვლაზე, გამოსწორებაზე ზრუნვა.

დავაკვირდეთ, რა ხდება ჩვენთან? იმისთვის, რომ ყოველი არჩევნების მერე, ერთი და იგივე სურათი არ მივიღოთ და ამომრჩეველს სიახლე შევთავაზოთ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული აზრის მოსმენა, გაცნობიერება და შემდეგ, პაზლის ნაწილების კორექტირება. ამისთვის კი პარტიებში შეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ კრეატიული ადამიანები, რეალისტები და კრიტიკოსები. როცა კრიტიკოსებს ვახსენებ, არ ვგულისხმობ იმ „ქილერებს“, რომელბიც ნებისმიერ სიახლეს სკეპტიკურად ხვდებიან და კბილებით იცავენ თავის არჩევანს, რომელიც შესაძლოა ერთ დროს ძალიან მიმზიდველი ფერების იყო, მაგრამ მაინც გახუნდა და სჭირდება გადახალისება.

კრიტიკული აზრის იგნორირება ან ჩახშობა დამაზიანებელია. მაგალითად, მე მახსოვს, რამხელა კრიტიკული მუხტის ჩახშობა მოხდა მაშინ, როცა დიმიტრი შაშკინი (2009 წელს) განათლების მინისტრად დაინიშნა და როცა მან სწორედ შიდაპარტიული კომპრომისების და დუმილის ხარჯზე, მიშალ-მოშალა უკვე აწყობილი „სურათი“ და უბრალოდ დაანგრია წარმატებული განათლების რეფორმა. არადა, ამ „სურათის“ დახვეწა შეიძლებოდა. მივიღეთ ცენტრალიზებული და პოლიტიზირებული სისტემის დამახინჯებული სურათი, სადაც აქა-იქ დარჩა წარსულში წარმატებული რეფორმის ნაწილები. და ეს ყველაფერი მოხდა სწორედ ჩემნაირი და შესაძლოა თქვენნაირი ადამიანების (ვინც სისტემის შიგნით მუშაობდა და ამას ძალიან ახლოდან ხედავდა) დუმილის და კომპრომისის ხარჯზე. მართალია, მისაღები იყო საერთო სურათის: „სახელმწიფოს შენების“ იდეა, მაგრამ ცალკეული ნაწილების დამახინჯებაზე დუმილი იყო შეცდომა. და აქაც, კრიტიკული განხილვა და კორექტირება არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლების დროს არ მომხდარა.

საქმე იმაშია, რომ საერთო სურათიდან კონკრეტული ნაწილების იდენტიფიცირება და შეცვლა ძნელია. მითუმეტეს, ეიფორიული განწყობისას, როცა ისმის მოწოდებები “სისტემა უნდა დაინგრეს“, „ყველაფერ შესაცვლელია“, ან როცა მხარე ამტკიცებს, რომ წინა სურათი უფრო მახინჯი იყო და ახლა ყველაფერი საუკეთესოდაა. ამომრჩეველიც, ყოველ ჯერზე თავისით შლის ამ სურათს და „ახალს“ ისევ ძველი ნაწილებისგან აწყობს. მოდით, ისევ ახლოდან შევხედოთ ფაზლის სტრუქტურას და დავინახავთ, რომ ამ ნაწილების შერჩევა საქართველოში გაუმჭვირვალეა, ამაზე გამოთქმული კრიტიკა კი (ყველა დონეზე) ისევ მიუღებელი. ფაზლის მოცულობას, ზომას და ფერებს ისევ მხოლოდ ლიდერი ან ლიდერები არჩევენ და ამ დემოკრატიის თამაშში, კრიტიკული რგოლი, რომელიც დიდი ყურადღებით უნდა ქმნიდეს ფაზლის ნაწილებს (პროფესიონალების და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით) და მერე, მასვე სთავაზობდეს – არის სუსტი ან საერთოდ არ არის. ეს შესაძლოა მთავარი პრობლემა იყოს.

ამ გადმოსახედიდან სჯობს, ამომრჩეველმა წინასწარ იცოდეს და აკვირდებოდეს, როგორ იქმნება და ირჩევა პარტიების შიგნით ის ნაწილები, რომელსაც მერე თავად ამომრჩეველს სთავაზობენ – სურათის ასაწყობად. და თუ რამე არ მოეწონება, მას უნდა ჰქონდეს პლატფორმა აზრის გამოხატვისთვის და შესაძლებლობა, რომ მოითხოვოს შეცვლა. ეს ნიშნავს შიდაპარტიეული გამოწვვების შესახებ საჯაროდ საუბარსა და მეტ გამჭვირვალობას (რისი მცდელობაც ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდა 2017 წლის იანვარში, როცა მე იქ ამ პროცესში ჩართულობის სურვილით შევედი). მომავალში, თუ ეს პროცესი ოპოზიციაშიც ან უკვე მთავრობაში დაიწყება, სწორედ პრინციპულმა ადამიანებმა მეტი გამბედაობა უნდა გამოიჩნონ და დროულად დაანახონ ერთგულ ამომრჩეველს საფრთხეები, აუხსნან რა არის შესაცვლელი და მათივე ჩართულობით შეცვალონ გახუნებული სურათი – ახალი ელემენტებით.

და მაშინ დავინახავთ, რომ განახლების პროცესი შესაძლოა მართლა შეუქცევადი გახდეს თუ ამომრჩევლები თავად გვეტყვიან როგორი უნდა იყოს ახალი ქართული დემოკრატიის სურათი, რომლის ნაწილების (ღირებულებების, კანდიდატების, სიების, მესიჯების, პროგრამების და სხვ) შეთავაზებაზე პარტიებმა ისევ უნდა იზრუნონ მომავალ არჩევნებზე, ოღონდ კრიტიკული აზრის მეტი ჩართულობით და გათვალისწინებით! და სწორედ ესაა ის, რაც მისაღები იქნება ჩემთვის და შესაძლოა თქვენთვის. ესაა ნამდვილი საჩუქარი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების მერე პარტიას უბრუნებს – თავისი ხმის, ნდობის სახით. და ყოველი ასეთ ხმა, მათ შორის კრიტიკული, არის მოსაფრთხილებელი და ძვირფასი!

ახლა შევხედოთ იმ ნახევრად აწყობილ სურათს, რომელსაც პირველი ტურის მერე ვხედავთ. ზოგს მოგვწონს, ზოგს რაღაცის შეცვლა გვსურს. მეორე ტურამდე არაფერი შეიცვლება, მაგრამ არჩევნების მერე, უფრო ცხადად დავინახავთ, რომელი ელემენტია შესაცვლელი იმისთვის, რომ შედეგი კიდევ უფრო მიუახლოვდეს ჩვენს ღირებულებით დაკვეთას. და აღმოვაჩენთ, რომ ყოველ ჩვენგანს აქვს ის ძალა, რომ შექმნას ახალი ნაწილები, ააწყოს ახალი სისტემა და შემდეგ, აიძულოს პოლიტიკოსები შეცვალონ ჩვენი მომავალი ისე, როგორც ეს თავად გვსურს!

და ეს ამომრჩევლის საჩუქარია – ქართული დემოკრატიისთვის.