“ეს გზა ტაძრამდე არ მიდის. ეს ვარლამ არავიძის გზაა”… დილიდან 1984 წელს გადაღებული თენგიზ აბულაძის ფილმის ეს სცენა მიტრიალებს თავში.
იმიტომ, რომ გამახსენდა 1989 წლის 9 აპრილის დილა, საყოველთაო გლოვა და ერთმანეთის თანადგომა. იმიტომ, რომ ახლა, 2018 წელია და შოკირებული ვარ იურა მეჩითოვის განცხადებით , სადაც ამ ეროვნულ ტრაგედიაში მან საბჭოთა ჯალათების გამართლება სცადა. საბჭოთა რიტორიკის და პროპაგანდის გამოყენებით ასე, ირიბად მიგვანიშნეს, რომ 9 აპრილს შესაძლოა “პროვოკაციაზე წამოვეგეთ”. და საერთოდ, სამშობლო რომ გვიყვარს და მისთვის ვიბრძვით – შესაძლოა დანაშაულიც კი იყოს. საბჭოთა რუსისთვის ნამდვილად ასეა და ვხედავთ, რომ სწორედ საქართველოს სიყვარულს არ გვპატიობენ!
მეჩითოვის ეს სამარცხვინო განცხადება არც პირველია და არც ბოლო, სამწუხაროდ! ბევრს ვიცნობთ, ვინც ამგვარი მოღალატეობრივი საბჭოთა რიტორიკით ვნებს და ხვრეტს სამშობლოს. გადის წლები და მე ისევ ველოდები მათ ბოდიშს, მე ველოდები მათ – მ ო ნ ა ნ ი ე ბ ა ს!
და კიდევ, შვილები და ოჯახის წევრები ნამდვილად არ აგებენ და არ უნდა აგებდნენ პასუხს მშობლების ცოდვებზე! ყველას თავისი, დამოუკიდებელი სამოქალაქო პოზიცია და ბიოგრაფია აქვს.
ამიტომ, 2018 წელს კოლექტიურ “აბელ არავიძეებს” ამას ვეტყოდი: ეს გზა ტაძრამდე არ მიდის, არა! ეს პუტინის გზაა.