მე ვირჩევ ევროპას, რომელსაც აინტერესებს ვინ ვარ მე, საქართველოს მოქალაქე. ყოველ ჯერზე მეკითხება: რა თვისებებით, კულტურით, ახალი რეფორმებით და მიღწევებით გამოვირჩევი?! აინტერესებს საიდან მოვდივარ და სად მივდივარ? აინტერესებს და ელის რა სიახლეს შეიტანს ქართველი ევროპის დიდ ოჯახში? და თუ შენც ჩემსავით, ევროპულ ოჯახს ირჩევ, ეს ნიშნავს, რომ საკუთარი თავის წარმოჩენასა და რეალიზებაზე მეტად ზრუნავ, მეტს შრომობ და უფრო ვითარდები! ხომ გვინდა ქართველი ერის საუკეთესო კუთხით წარმოჩენა და გადარჩენა? მაშინ უნდა ავირჩიოთ ევროპა და ბევრი ვიშრომოთ, რომ ჩვენი კულტურით, ჩვენი ქართველობით გამოვჩნდეთ აქ და მსოფლიოში! და ასე, გადავრჩეთ. ასე, განვვითარდეთ.
რა უნდა რუსეთს? იმ რუსულ ოჯახში ქართველი ვინ არის არ აინტერესებთ, ის საერთოდ არ სჭირდებათ, რადგან რუსის წარმოდგენაში საქართველოც არ არსებობს, ის ტერიტორიაა! ქართული კულტურის საუკეთესო ნაწილი მათთვის ყოველთვის იყო “რუსულის შემადგენელი”! ქართველის გადასაგვარებლად, ისინი თავის მოდელს გვტენიან: მათ წარმოდგენაში „კარგი ქართველი“ არის უსაქმური, კორუმპირებული (რომელსაც ფულის შოვნისთვის არ სჭირდება განათლება), რუსს დამონებული (მის გარეშე რომ არ შეუძლია), მატყუარა და ქურდული მენტალიტეტის! ამ “მოწამლულ ვაშლს” თან რუსული პროპაგანდით აზავებენ და “ქართველობის წართმევას” სულ სხვას აბრალებენ.
ჩვენ ვხედავთ, რომ ნაღდ ქართულს (მათ შორის ქართულ სახელმწიფოს და ინსტიტუციებს) ებრძვიან და ღიად ანადგურებენ. როცა დამპყრობელ რუსეთზე ვფიქრობ, ილორის წმინდა გიორგის ეკლესია და მისი ვანდალური, „რუსულ სტილში“ გადაღებვა მახსენდება. ილორი ჩემი საქართველოა! დასაცავია.
ხომ მარტივია: აირჩიო ქართული და უბრალოდ, საკუთარი თავის არსებობა? აირჩიო სიძლიერე და იამაყო საკუთარი სამშობლოთი – ყველგან, თავაწეულმა იარო! და ამისთვის იშრომო…
ამიტომ, მე ვფიქრობ როგორ დავიცვა ჩემი არჩევანი. ამიტომ, არსებობს ერთი საქართველო, რომელიც უნდა გადარჩეს, განვითარდეს და არსებობს ერთი, ევროპული არჩევანი. ამიტომ, თითოელი მოქალაქის ხმა და პოზიცია უნდა გამოჩნდეს – არა მხოლოდ არჩევნებზე! იმიტომ, რომ მე ვარ ქართველი და მე ვირჩევ ევროპას!