მაღალტექნოლოგიური თემიდას მოლოდინში

“მუდმივი მოსამართლეების არჩევაზე” მოსმენილი სხვადასხვა არგუმენტის შემდეგ, შესაძლოა ძალიან ბანალურ და მუდმივად აქტუალურ კითხვებს დავსვამ:

1) ადამიანისთვის მატერიალური ყველაფერი წარმავალია და მუდმივი არაფერია, ხომ?
2) 20 წლის წინანდელი სტანდარტებით, ტექნოლოგიებით, ცოდნით იცხოვრებდით და კმაყოფილი იქნებოდით? ალბათ, არჩევანი თუ გვექნება, უმრავლესობა მაინც ახალს აირჩევს, ხომ?
3) ცვლილებები მუდმივი პროგრესის ნიშანია, ხომ?

ამ მარტივ კითხვებზე პასუხი, ლოგიკურად აჩენს სხვა კითხვებს:

ამ მოსამართლეებს მუდმივად (!) რატომ ვირჩევთ? მპასუხობენ – ეს მოსამართლეები (“ნამდვილი ჩემპიონები”) დაცული რომ იყვნენ პოლიტიკური წნეხისგანო.  კი ბატონო, მაგრამ შეშინებული “მოსამართლე-ჩემპიონი” საერთოდ გვინდა? ან, “მუდმივი” რომ გახდება – აღარ დაემორჩილება მანკიერ სისტემას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)? და შეიძლება რომ არადემოკრატიულ ქვეყანაში (სადაც გასაოცარ კანონებს გასაოცარი პარლამენტარები იღებენ) და ზოგადად გაუმართავ, მანკიერ სისტემაში, მხოლოდ მოსამართლე იყოს მუდმივად სამართლიანი და დამოუკიდებელი? ალბათ, გამონაკლისები თუ იქნებიან ასეთები, თავის საქმეში მართლაც ჩემპიონები.

ან, საერთოდ, მუდმივი რომელი პროფესიული საქმიანობა, თანამდებობა, ჭკუა და სკამია, მოსამართლეებს რომ ჰქონდეთ? და რაც მტავარია, რა ვიცით, როგორი იქნება მსოფლიო, სად წავა ტექნოლოგიები, როგორი იქნება თანამედროვე სასამართლოს სისტემა 15 ან 20 წლის მერე? მაგალითად, უკვე ვხედავთ და მივეჩვიეთ, რომ ახალი ტექნოლოგიები (სადაც ემოციები და ადამიანის სუბიექტური განწყობა გამორიცხულია) ადამიანებს (სწორედაც რომ ჩემპიონებს) საჭადრაკო პარტიებს უგებს და ტექნიკა უბრალოდ, ხელმძღვანელობს წესებით. ვიცით, რომ 25 წლის მერე, მოსამართლის საქმეს უკეთ, მიუკერძოებლად, მაღალტექნოლოგიური თემიდა არ გააკეთებს? იქნებ, საჭიროც იყოს და რიგ შემთვევებში, გარდაუვალიც.

და ბოლოს, ხომ არ სჯობს ჯერ “მუდმივ დემოკრატიას” მივხედოთ/მივეჩვიოთ და ჩამოქცეულ ქვეყანას ვუშველოთ?! რა დროს კონკრეტული მოსამართლეების მუდმივი სკამებია, როცა ჯერ საკუთარი ქვეყანა (ყველაზე ძვირფასი) არ გვაქვს სტაბილური, დაცული და მუდმივი!

2019 წელია და ამ საუკუნეში, მაღალტექნოლოგიური თემიდა მართლა შეიძლება მოვიდეს. მუდმივად.

პოლიტიკის „შანელი N 5“

შესაძლოა, ყველა ვთანხმდებით, რომ „შანელი N 5“ გამორჩეულია არა მხოლოდ თავისი სურნელებით, არამედ ბრენდის ისტორიით. მიუხედავად იმისა, რომ ის „N 5“ ცოცხალი და კვლავ აქტუალურია, 1920-იანი წლებიდან მოყოლებული, კოკო შანელის კომპანია, ყოველწლიურად ახალ კოლექციებს ქმნის და თავის უნიკალურობას სწორედ სიახლეებით ამტკიცებს. ყოველი ბრენდი ასე ცოცხლობს. მაგ: ასე მოდიან სუხიშვილების,  ვალნეტინოს, დიორის სახლის, ბალენსიაგას და სხვა ბრენდებიც. იგივე ითქმის პერსონებზეც (მაგ: მაიკლ ჯექსონზე, სალვადორ დალიზე, დასტინ ჰოფმანზე და სხვ.); ბრენდის შესანარჩუნებლად არაა საკმარისი ერთხელ დასამახსოვრებელი პროდუქტის შექმნა, ნამდვილი ბრენდი ყოველთვის გვაოცებს სიახლით და თავის უნიკალურობას სწორედ ამით ინარჩუნებს. ამასთან, მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია სისტემატურად ახალი კოლექციებით, პროდუქტით, პერსონაჟებით  მაყურებლის (აუდიტორიის)  წინაშე გამოჩენა.

ოლიტიკაშიც თეორიულად იგივე წესებია, მაგრამ რეალობა ცოტა სხვაგვარადაა. აქ პოლიტიკური პარტიისა და პოლიტიკოსის პერსონალური ბრენდი შეიძლება უფრო მალე გაფერმკრთალდეს. ამ პროცესს დააჩქარებს ის, თუ ბრენდის შემქმნელი ახალს არაფერს გვთავაზობს და გამუდმებით “ეჩხუბება” თავის მომხმარებელს, სულ ახსენებს თავის ერთ დროს მიმზიდველ პროდუქტს და მოუწოდებს, რომ კვლავაც ის შეიძინონ. მომხმარებელთან “ჩხუბი”, შესაძლოა, კონკურენტის მუდმივი „მხილების“ ფონზეც მიმდინარეობდეს. ოღონდ, თუ  ახალი არაფერი იქმნება, კომპანია გაივსება  ძველი კოლექციის ნიმუშებით, ასევე, სხვა ბრენდების ჩამოფასებული ან მეორადი ნაწარმით (სადაც, შეიძლება „კრასნაია მასკვასაც“ გადაეყარო). მიმზიდველია? ხოდა, ახალ კრეატიულ დირექტორს სრულიადაც არ იზიდავს პოლიტიკური სუნამოს ეს ძველი სურნელი. არა იმიტომ, რომ ცუდია, პირიქით, თავის დროზე, იქნებ საუკეთესოც იყო, მაგრამ… პოლიტიკაში, ამ ძვირფასმა სურნელებამ, სიბინძურის სუნში, შესაძლოა, თავისი უნიკალურობაც დაკარგოს. არადა, ამ სუნამოსაც თავისი ადგილი აქვს და ახალ კოლექციასაც  შექმნა სჭირდება.

იმიტომ, რომ პოლიტიკაც ბრენდის კანონებით სუნთქავს.