მაღალტექნოლოგიური თემიდას მოლოდინში

“მუდმივი მოსამართლეების არჩევაზე” მოსმენილი სხვადასხვა არგუმენტის შემდეგ, შესაძლოა ძალიან ბანალურ და მუდმივად აქტუალურ კითხვებს დავსვამ:

1) ადამიანისთვის მატერიალური ყველაფერი წარმავალია და მუდმივი არაფერია, ხომ?
2) 20 წლის წინანდელი სტანდარტებით, ტექნოლოგიებით, ცოდნით იცხოვრებდით და კმაყოფილი იქნებოდით? ალბათ, არჩევანი თუ გვექნება, უმრავლესობა მაინც ახალს აირჩევს, ხომ?
3) ცვლილებები მუდმივი პროგრესის ნიშანია, ხომ?

ამ მარტივ კითხვებზე პასუხი, ლოგიკურად აჩენს სხვა კითხვებს:

ამ მოსამართლეებს მუდმივად (!) რატომ ვირჩევთ? მპასუხობენ – ეს მოსამართლეები (“ნამდვილი ჩემპიონები”) დაცული რომ იყვნენ პოლიტიკური წნეხისგანო.  კი ბატონო, მაგრამ შეშინებული “მოსამართლე-ჩემპიონი” საერთოდ გვინდა? ან, “მუდმივი” რომ გახდება – აღარ დაემორჩილება მანკიერ სისტემას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)? და შეიძლება რომ არადემოკრატიულ ქვეყანაში (სადაც გასაოცარ კანონებს გასაოცარი პარლამენტარები იღებენ) და ზოგადად გაუმართავ, მანკიერ სისტემაში, მხოლოდ მოსამართლე იყოს მუდმივად სამართლიანი და დამოუკიდებელი? ალბათ, გამონაკლისები თუ იქნებიან ასეთები, თავის საქმეში მართლაც ჩემპიონები.

ან, საერთოდ, მუდმივი რომელი პროფესიული საქმიანობა, თანამდებობა, ჭკუა და სკამია, მოსამართლეებს რომ ჰქონდეთ? და რაც მტავარია, რა ვიცით, როგორი იქნება მსოფლიო, სად წავა ტექნოლოგიები, როგორი იქნება თანამედროვე სასამართლოს სისტემა 15 ან 20 წლის მერე? მაგალითად, უკვე ვხედავთ და მივეჩვიეთ, რომ ახალი ტექნოლოგიები (სადაც ემოციები და ადამიანის სუბიექტური განწყობა გამორიცხულია) ადამიანებს (სწორედაც რომ ჩემპიონებს) საჭადრაკო პარტიებს უგებს და ტექნიკა უბრალოდ, ხელმძღვანელობს წესებით. ვიცით, რომ 25 წლის მერე, მოსამართლის საქმეს უკეთ, მიუკერძოებლად, მაღალტექნოლოგიური თემიდა არ გააკეთებს? იქნებ, საჭიროც იყოს და რიგ შემთვევებში, გარდაუვალიც.

და ბოლოს, ხომ არ სჯობს ჯერ “მუდმივ დემოკრატიას” მივხედოთ/მივეჩვიოთ და ჩამოქცეულ ქვეყანას ვუშველოთ?! რა დროს კონკრეტული მოსამართლეების მუდმივი სკამებია, როცა ჯერ საკუთარი ქვეყანა (ყველაზე ძვირფასი) არ გვაქვს სტაბილური, დაცული და მუდმივი!

2019 წელია და ამ საუკუნეში, მაღალტექნოლოგიური თემიდა მართლა შეიძლება მოვიდეს. მუდმივად.