იქ, სადაც ღირსება იძებნება…

ლექსიკონებში ღირსება საგულდაგულოდ არის დაცული.

სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონში იძებნება სიტყვა ღირსება, რომელიც შემდეგნაირადა არის განმარტებული: მართებულის გაგება, ხოლო სიტყვა ღირსეული – მართებულიანივით (ობრელიანი, ქართული ლექსიკონი, ტ. 2, გვ. 251);

ალ. ნეიმანი ღირსების სინონიმებად ასახელებს სიტყვებს: პატივი, ფასი, წოდება, ხარისხი…. ხოლო ღირსეულის სინონიმებად – დამსახურებულს, სათანადოს, ცნობილს; ღირსის სინონიმებია: საპატიო, ცნობილი, წმინდა (ალ. ნეიმანი, ს. ყაუჩიშვილის რედაქციით, ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, 1951, გვ. 346).

ეს საინტერესოა.

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ღირსება დადებითი თვისებაა, ამასთან პატივდებული საზოგადოებრივ–მორალური მდგომარეობა (რედ. არნოლდ ჩიქობავა, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი, ერთტომეული, გვ. 461).

ოცდამეერთე საუკუნეში სიტყვა ღირსება Google-თაც იძებნება. პირველი განმარტება, რასაც საძიებო სისტემა გვთავაზობს ეროვნული პარლამენტის ენციკლოპედიოური ციფრული ლექსიკონია

განმარტებები ბევრია.

ამასთან, ღირსების წართმევა–დაბრუნების საკითხი, იმდენად აქტუალურად განიხილება, რომ პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებში, სატელევიზიო თოქ–შოუებში რეფრენად მეორდება. ასეთი რეფრენებიც უხვადაა.

ადამიანის უფლებებს და ღირსებას, XXI საუკუნის საქართველოში უფლებადამცველები იცავენ. საქართველოში „უფლებადამცველებიც“ ბევრნი არიან! ჯერჯერობით, ერთი ადამიანის უფლებების დაცვა აქ, მეორის უფლებების დარღვევით „გამოდის“. კარგია, როცა ამ სიტყვების მიღმა, ღირსების აღდგენაში – პატივის მიგებას არ გულისხმობენ, არც ფასს და ჯილდოს აწესებენ, და არც ჰყიდიან – საქონელივით. თორემ ჩვენი ანდაზისა არ იყოს „სინდისიც კარგი (!) საქონელია“, და საქართველოშიც, როგორ სჩანს, კარგად იყიდებოდა/იყიდება. მოკლედ, კარგია, როცა ადამიანის უფლებების დაცვა უფასოა.

ღირსება ფულზე ძვირფასია!

XXI საუკუნის საქართველოში, წართმეული ღირსების დაბრუნებას პოლიტიკოსებისგან ვითხოვთ. პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თავად „ღირსებაწართმეულები“ გვგონია.
ტერმინების აღრევა გვერდზე იყოს და ჯერ ის ვერ გაგვირკვევია, ოკუპანტი და მისი მეჩირაღდნე ლახავს თუ არა ჩვენს ღირსებას; ვერც ის გავარკვიეთ, ოკუპანტი პირველი რუსეთია თუ ის, მეორე რუსეთი? სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ გავერკვიეთ, რომ სინამდვილეში წართმეული სამშობლო – ჩვენი წართმეული ღირსებაა, რომელიც დაცვას გვთხოვს და ღირსეულად ვერ ვიცავთ. პოლიტიკოსები კი ვერ გარკვეულან ეროვნული ღირსების აღდგენაზე, რიგითობით რომელ რუსეთს უნდა ელაპარაკონ: პირველს თუ მეორეს? კარგია, როცა ეროვნული ღირსების დაცვა ვაჭრობის საგანი არაა!

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“

ჩვენ გვიცავს კონსტიტუცია!
კონსტიტუციას კი ვიცავთ – ჩვენ!

სიურეალისტური Georgia

აჩუქეთ ჩემს საქართველოს ერთი თანამედროვე მაღვიძარა, ყოველდღე რომ გამოაფხიზლოს…

„სადღაც მაგიდაზე ვამპირის სახე იდო და ლაპარაკობდა, წინასწარმეტყველებდა მომავალზე, ოღონდ ფულს იღებდა ამაში. ადამიანის სხეულებზე კი ღვთიური ნიშნების ძიების პროცესში, შეწუხებული და დაღლილი ვამპირის მნახველები შიშითა და კრძალვით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სისხლს არ სვამდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სისხლისმსმელი იყო და მსხვერპლის როლში ბოლომდე იყვნენ შეჭრილები“ – ეს რომ დამესიზმრა, რა თქმა უნდა, ვიფიქრე „ესსს“ რამ დამასიზმრა-თქო და ბოლოს მივხვდი კიდეც: ჩემი ქვეცნობიერი ალბათ, სიურეალისტურ სამშობლოზე ფიქრით ირჯებოდა.

სისხლისმსმელი ვამპირი მართლაც ჰყავს ჩემს მრავაჯერ ბედკრულად წოდებულ სამშობლოს. უცნაურია, მაგრამ ეს ვამპირი არც ისე საშიშად გამოიყურება და თან, არც ისეთი სიმპათიურია, როგორიც კინოებშია-ხოლმე. კბილები საერთოდ არ აქვს. ის კი არადა, ზოგს უყვარს კიდეც. ოღონდ მისი ეშინიათ. ყველამ იცის, რომ თუ მისი მსხვერპლი გახდება, თავადაც იძულების წესით, ადამიანის სისხლი მოსწყურდება. ფულს იმიტომ უხდიან, რომ ჰგონიათ მომავალი მასზეა დამოკიდედბული, არადა, ვამპირი უკვე დაღლილი და გამოფიტულია.

სიურეალისტურად: არა მაღვიძარას ხმაზე, არამედ სიცილ-კისკისის ხმაურით დავტოვე სიზმარი/კოშმარი და საქართველოში გაღვიძებულმა, ის ადამიანები წარმოვიდგინე ტელეეკრანებზე, რომლებსაც სწყურიათ სისხლი, მკითხაობენ, ვამპირთან ინტერვიუებზე დადიან და მთავარ წურბელას ვერ ხედავენ – საუკუნეები ჩვენს სისხლს რომ სვამს (უკვე დაღლილი და გამოფიტული). მეშვიდეჯერ დავწერე „სისხლი“ და საკმარისია.

აქ სხვაგვარად მოხდება: სიურეალისტურ სამშობლოს მაღვიძარა გააღვიძებს, მაგიდაზე მიწებებული მაღვიძარა, რომელიც გაფუჭებულია, მაგრამ როგორც ყველა გაფუჭებული საათი, დღეში ორჯერ, ეს მაღვიძარაც, საუკუნეში ორჯერ მაინც – სწორ დროს აჩვენებს.

მაღვიძარა აქ არავის უყვარს. ამიტომ, არც გვაქვს ეს თანამედროვე „მაღვიძარა“, მრავალწლიანი გარანტიით, ყოველდღე რომ დარეკავს და გამოგვაფხიზლებს. სხვა რა გზაა, ამ აუცილებელი რეკვიზიტის მოძიებამდე, შევეცდებით თვალები ჩვენივე ძალისხმევით, ფართოდ გავახილოთ. საშიში არაფერია. სხვა საქართველოც აქ არის – ისეთი, როგორიც არის, თუნდაც სიურეალისტური.

ჰუმანური ერი…

ჰუმანური ერი: ეს ჩვენ ვართ, ქართველები!

ეს საუკკუნოვანი ისტორიაა თავისი ბექგრაუნდით: რუსეთს სურს მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ ქართველები მკვლელები არიან, აწამებენ უდანაშაულო მოქალაქეებს, ახორციელებენ ეთნიკურ წმენდებს საკუთარ ტერიტორიაზე … ამის შესახებ კრემლი იგონებს და აქვეყნებს მონოგრაფიებს, წიგნებს, ისტორიებს. ცდილობს მაქსიმალურად დამაჯერებელი იყოს. 2008 წლის მერე, იმდენად “დამაჯერებელიც” კი იყო, რომ სოციოლოგიურ გამოკითხვებში რუსეთის მოსახლეობა თავის ნომერ პირველ მტრად საქართველოს ასახელებდა.

საქართველოს მთავრობას (2013) სურს, მთელი მსოფლიო დაარწმუნოს იმაში, რომ საქართველოში სადიზმი სულაც არაა ცალკეული შემთხვევები, არამედ არაადამიანურ წამებას საქართველოში სისტემური ხასიათი აქვს.

ვინ ეტყვის მსოფლიოს, რომ ჰუმანური და ტოლერანტობით აღვსილი ერი ვართ? მოსახლეობის მიერ არჩეული მთავრობა, მაგალითად, ასე არ საუბრობს, და პირიქით, სისტემურ (!) ენითაღუწერელ დანაშაულებრივ ქმედებებზე საუბრობს. საუბრობს ისეთ ქვეყანაზე, სადაც ლამის ყოველი მეორე მოქალაქე დაკავებულია სხვათა წამებით. ცდილობს დამაჯერებელი იყოს.

ასეთ შემთხვევაში, კრემლი აღარ საუბრობს. მისი გეგმები ისედაც წარმატებით ხორციელდება: საქართველო და ქართველი ერი მსოფლიო რუკიდან ნელ–ნელა იშლება. რა უნდა კრემლს? აი, ჩვენი რომელიმე მთავრობა რომ იტყვის: „იცით, ჩვენ ოსი და აფხაზი ხალხი ძალიან გვიყვარს… და ამასთან, ქართველებს ვაწამებით–ხოლმე სისტემურადო“ – მსოფლიო დადუმდეს. მოკლედ, „абманули всех” – ეტყვის პუტინი დაბრძენებულ ევროპას საქართველოსკენ ხელის გაშვერით. „абманули всех” – ჩაიხითხითებს თავისთვის, ნიშნის მოგებით და ხელების გასავსავებით. ისე არ მოხდეს, მოტყუებული მხოლოდ ჩვენ დავრჩეთ. ნეტა ისე მოხდეს, პირშიჩალაამოვლებული მხოლოდ პუტინი დარჩეს!

ქართული სახელმწიფო გადარჩება, არა იმიტომ, რომ რამდენიმე მილიონიან ერს, ღრმად გულში ასე უნდა. გადარჩება იმიტომ, რომ რამდენიმე მილიონიან ერს – მოღალატეები არ უყვარს, თუმცა მათ მიმართაც, ყოველთვის, რატომღაც ძალიან ჰუმანური და ტოლერანტულია.