განმეგობრება/Unfriend ვირტუალურად

როგორც ყველას, მეც მყავს ვირტუალური და არავირტუალური მეგობრები და მტრები. მტრები – ხმამაღალი ნათქვამია, ბოღმიანი ადამიანები FB-მეგობრების სიაში – უფრო ზუსტი.

თუ კიდევ უფრო დავაზუსტებ, ჩემს FB-მეგობრებში არის რამდენიმე ადამიანი, ვის შესახებაც მუდმივად ვეკითხები საკუთარ თავს: რატომ არიან ისინი ჩემი FB-მეგობრების სიაში? ალბათ იმიტომ, რომ სოციალური ქსელის ღირებულებითი ფილტრის ინდიკატორები ჩემს თვალწინ ზუსტდება და ჯერ წითელი ხაზი არ გადაუკვეთავთ. ალბათ, FB-მეგობრების მრავალფეროვნებაც მხიბლავს.

ნიუსფიდზე თვალის გადავლებისას, მრავალფეროვნება მართლაც თვალშისაცემია. თუმცა, აი, რას მეუბნება რამდენიმე FB-მეგობრის პოსტების (არა მაინცდამაინც მიმდინარე მოვლენებზე) ტექსტუალური ანალიზი, რიტორიკული განხრით:

ჩემს FB-მეგობრებში რამდენიმე ადამიანი ძალიან აგრესიული იყო. ისინი გაწონასწორებულ ადამიანებსაც ებრძოდნენ სიძულვილის რიტორიკით. ჭკვიანური გამომეტყველებით (ფოტოებზე), ჭკუას არიგებდნენ (პოსტებით) და ზემოდან უყურებენ (ყოვლისმცოდნის რიტორიკით) მათ, ვინც შესაძლოა, მათზე ჭკვიანიც იყო. ისინი საბჭოთა მენტალიტეტს განასახიერებენ (კომენტარებში) და დასავლური ღირებულებების მქონე ადამიანებს – ბოლშევიკებს, არაპროგრესულებს უწოდებდნენ, და ა. შ. ქედმაღლობა ყველგან და ყოველთვის მათი აუცილებელი ატრიბუტი იყო და რჩება.

სტილი ერთნაირი ჰქონდათ, აქვთ და ექნებათ. ჭკუის დამრიგებელიც ერთგვაროვან-ერთფეროვანი ჰყავდათ და ეყოლებათ. მათთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ ვირტუალურ სივრცეში ისინი დროდარდო აღმოაჩენენ, რომ გამოგონილი და დაკვეთილი ”გმირობებისთვის” მხოლოდ facebook-ის აპლოდისმენტები კი არ მცირდება, არამედ მეგობრების რაოდენობაც იკლებს და იქნებ, ასეც სჯობდეს. მათთვის, შეტყობინებებში ვიტრუალური ტაშის მოლოდინს ვირტულაური ექო ცვლის ახალი ლაიქების და ღიმილების გარეშე.

ზრდასრულ ასაკში, მეგობრობის გამოცდა გამიგია, მაგრამ მეგობრობის ტრეინინგი არ გამიგია მე. Friends will be Friends by QUEENS

იქ, სადაც ღირსება იძებნება…

ლექსიკონებში ღირსება საგულდაგულოდ არის დაცული.

სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონში იძებნება სიტყვა ღირსება, რომელიც შემდეგნაირადა არის განმარტებული: მართებულის გაგება, ხოლო სიტყვა ღირსეული – მართებულიანივით (ობრელიანი, ქართული ლექსიკონი, ტ. 2, გვ. 251);

ალ. ნეიმანი ღირსების სინონიმებად ასახელებს სიტყვებს: პატივი, ფასი, წოდება, ხარისხი…. ხოლო ღირსეულის სინონიმებად – დამსახურებულს, სათანადოს, ცნობილს; ღირსის სინონიმებია: საპატიო, ცნობილი, წმინდა (ალ. ნეიმანი, ს. ყაუჩიშვილის რედაქციით, ქართულ სინონიმთა ლექსიკონი, 1951, გვ. 346).

ეს საინტერესოა.

ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში ღირსება დადებითი თვისებაა, ამასთან პატივდებული საზოგადოებრივ–მორალური მდგომარეობა (რედ. არნოლდ ჩიქობავა, ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი, ერთტომეული, გვ. 461).

ოცდამეერთე საუკუნეში სიტყვა ღირსება Google-თაც იძებნება. პირველი განმარტება, რასაც საძიებო სისტემა გვთავაზობს ეროვნული პარლამენტის ენციკლოპედიოური ციფრული ლექსიკონია

განმარტებები ბევრია.

ამასთან, ღირსების წართმევა–დაბრუნების საკითხი, იმდენად აქტუალურად განიხილება, რომ პოლიტიკოსების საარჩევნო დაპირებებში, სატელევიზიო თოქ–შოუებში რეფრენად მეორდება. ასეთი რეფრენებიც უხვადაა.

ადამიანის უფლებებს და ღირსებას, XXI საუკუნის საქართველოში უფლებადამცველები იცავენ. საქართველოში „უფლებადამცველებიც“ ბევრნი არიან! ჯერჯერობით, ერთი ადამიანის უფლებების დაცვა აქ, მეორის უფლებების დარღვევით „გამოდის“. კარგია, როცა ამ სიტყვების მიღმა, ღირსების აღდგენაში – პატივის მიგებას არ გულისხმობენ, არც ფასს და ჯილდოს აწესებენ, და არც ჰყიდიან – საქონელივით. თორემ ჩვენი ანდაზისა არ იყოს „სინდისიც კარგი (!) საქონელია“, და საქართველოშიც, როგორ სჩანს, კარგად იყიდებოდა/იყიდება. მოკლედ, კარგია, როცა ადამიანის უფლებების დაცვა უფასოა.

ღირსება ფულზე ძვირფასია!

XXI საუკუნის საქართველოში, წართმეული ღირსების დაბრუნებას პოლიტიკოსებისგან ვითხოვთ. პოლიტიკოსებისგან, რომლებიც თავად „ღირსებაწართმეულები“ გვგონია.
ტერმინების აღრევა გვერდზე იყოს და ჯერ ის ვერ გაგვირკვევია, ოკუპანტი და მისი მეჩირაღდნე ლახავს თუ არა ჩვენს ღირსებას; ვერც ის გავარკვიეთ, ოკუპანტი პირველი რუსეთია თუ ის, მეორე რუსეთი? სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ვერ გავერკვიეთ, რომ სინამდვილეში წართმეული სამშობლო – ჩვენი წართმეული ღირსებაა, რომელიც დაცვას გვთხოვს და ღირსეულად ვერ ვიცავთ. პოლიტიკოსები კი ვერ გარკვეულან ეროვნული ღირსების აღდგენაზე, რიგითობით რომელ რუსეთს უნდა ელაპარაკონ: პირველს თუ მეორეს? კარგია, როცა ეროვნული ღირსების დაცვა ვაჭრობის საგანი არაა!

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, ,,ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუვალია. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება.“

ჩვენ გვიცავს კონსტიტუცია!
კონსტიტუციას კი ვიცავთ – ჩვენ!

ორი რჩევა და ერთი ანდაზა მტრისთვის, ერთი რჩევა მეგობრისთვის

სანამ მტერს რჩევას მივცემ, მასთან რიტორიკული შეკითხვა მაქვს: რამე დაგიშავე? თუ… უბრალოდ ბოღმიანი ხარ და გშურს?

თავისთავად, ერთი მეორეს არ გამორიცხავს, მაგრამ მაინც სასარგებლოა, როცა ადამიანის ანტაგონისტური ქცევის მიზეზ–შედეგობრიობა დადგენილია; რომელ კატეგორიას განეკუთვნები? ასეთი ორია: 1. მტრის ქცევა უბრალოდ კომპლექსების ბრალია, მაგალითად „სალიერის“ კომპლექსის; 2. გაუგებრობის, რომელიც მოლაპარაკებით ამოიწურება.

პირველი რჩევა მტერს: „სალიერის კომპლექსისგან“ განკურნება მხოლოდ “მოცარტის მუსიკის თერაპიითაა” შესაძლებელი (მაგ: გამოგადგება მეოცე კონცერტი);

განმარტებისთვის: ოცი წლის წინ, სტუდენტობისას, „სალიერის კომპლექსი“ ვუწოდე იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათთვის საფრთხეს წამრმოადგენს – ნიჭიერი ადამიანი. ამ კატეგორიაში მოხვედრილი მტრები ოცნებობენ ნიჭიერი ადამიანის განადგურებაზე, მაგრამ საპასუხოდ, საკუთარ თავს ვნებენ.

მეორე რჩევა მტერს: მტრობაში თუ ფულს ან პრივილეგიას მიიღებ, შეიძლება უკვე აღარაფერი გეშველოს, შე უბედურო!

მოკლედ, მტერო, დიდ დროს და ვრცელ ბლოგს შენ არ იმსახურებ. უბრალოდ, რადგან შთაგონება გამიჩინე, ერთ ძველ ქართულ ანდაზას გასწავლი: „შურიანი კაცი დახრჩობას გადაარჩინეს და გადამრჩენის ვაჟკაცობა შეშურდაო“.

თქვენ კი, ჩემო გულკეთილო მეგობრებო, უბრალოდ, არ დაიჯეროთ, რომ გაშლილ სუფრაზე ყველა თქვენი მეგობარია.

სიურეალისტური Georgia

აჩუქეთ ჩემს საქართველოს ერთი თანამედროვე მაღვიძარა, ყოველდღე რომ გამოაფხიზლოს…

„სადღაც მაგიდაზე ვამპირის სახე იდო და ლაპარაკობდა, წინასწარმეტყველებდა მომავალზე, ოღონდ ფულს იღებდა ამაში. ადამიანის სხეულებზე კი ღვთიური ნიშნების ძიების პროცესში, შეწუხებული და დაღლილი ვამპირის მნახველები შიშითა და კრძალვით ენაცვლებოდნენ ერთმანეთს. სისხლს არ სვამდა, მაგრამ ყველამ იცოდა, რომ სისხლისმსმელი იყო და მსხვერპლის როლში ბოლომდე იყვნენ შეჭრილები“ – ეს რომ დამესიზმრა, რა თქმა უნდა, ვიფიქრე „ესსს“ რამ დამასიზმრა-თქო და ბოლოს მივხვდი კიდეც: ჩემი ქვეცნობიერი ალბათ, სიურეალისტურ სამშობლოზე ფიქრით ირჯებოდა.

სისხლისმსმელი ვამპირი მართლაც ჰყავს ჩემს მრავაჯერ ბედკრულად წოდებულ სამშობლოს. უცნაურია, მაგრამ ეს ვამპირი არც ისე საშიშად გამოიყურება და თან, არც ისეთი სიმპათიურია, როგორიც კინოებშია-ხოლმე. კბილები საერთოდ არ აქვს. ის კი არადა, ზოგს უყვარს კიდეც. ოღონდ მისი ეშინიათ. ყველამ იცის, რომ თუ მისი მსხვერპლი გახდება, თავადაც იძულების წესით, ადამიანის სისხლი მოსწყურდება. ფულს იმიტომ უხდიან, რომ ჰგონიათ მომავალი მასზეა დამოკიდედბული, არადა, ვამპირი უკვე დაღლილი და გამოფიტულია.

სიურეალისტურად: არა მაღვიძარას ხმაზე, არამედ სიცილ-კისკისის ხმაურით დავტოვე სიზმარი/კოშმარი და საქართველოში გაღვიძებულმა, ის ადამიანები წარმოვიდგინე ტელეეკრანებზე, რომლებსაც სწყურიათ სისხლი, მკითხაობენ, ვამპირთან ინტერვიუებზე დადიან და მთავარ წურბელას ვერ ხედავენ – საუკუნეები ჩვენს სისხლს რომ სვამს (უკვე დაღლილი და გამოფიტული). მეშვიდეჯერ დავწერე „სისხლი“ და საკმარისია.

აქ სხვაგვარად მოხდება: სიურეალისტურ სამშობლოს მაღვიძარა გააღვიძებს, მაგიდაზე მიწებებული მაღვიძარა, რომელიც გაფუჭებულია, მაგრამ როგორც ყველა გაფუჭებული საათი, დღეში ორჯერ, ეს მაღვიძარაც, საუკუნეში ორჯერ მაინც – სწორ დროს აჩვენებს.

მაღვიძარა აქ არავის უყვარს. ამიტომ, არც გვაქვს ეს თანამედროვე „მაღვიძარა“, მრავალწლიანი გარანტიით, ყოველდღე რომ დარეკავს და გამოგვაფხიზლებს. სხვა რა გზაა, ამ აუცილებელი რეკვიზიტის მოძიებამდე, შევეცდებით თვალები ჩვენივე ძალისხმევით, ფართოდ გავახილოთ. საშიში არაფერია. სხვა საქართველოც აქ არის – ისეთი, როგორიც არის, თუნდაც სიურეალისტური.